მოგეხსენებათ კატა ვარ და ერთი მიმართულებით სიარული არ მიყვარს. მეტიც, არც ფიქრი, არც აზროვნება, საერთოდ არაფერი არ მიყვარს ერთი მიმართულებით, ერთნაირად.
ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი არამხოლოდ ბლოგერის, ლიტერატორის უნარებიც გაგაცნოთ. მარტივად რომ ვთქვა, ჩემს შესახებ მოგითხრობთ. ისე, ხანდახან, შიგადაშიგ. ვფიქრობ, უნდა იცოდეთ ვინ არის კატა ლუკა, რომლის ცხოვრების ოდისეას მეორე ჰომეროსი სჭირდება, მაგრამ რახან ის ჩემს დროში არ ჩანს, თვითონ ვიტვირთავ საკუთარი მატიანის მწერლობას.
მაშ ასე:
მე, კატა ლუკა, იგივე ლუი, ყოფილი ქუჩის კატა ვარ. ამიტომაც ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა.
ჩემს ახალ ცხოვრებაში ყველაფერი 2021 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.
ქალმა, რომელიც იმ საღამოს ჩემი პატრონი გახდა, ქუჩაში მნახა და სახლში წამიყვანა. რომ კითხო, შევეცოდა, იფიქრა, რომ ძაღლები დამგლეჯდნენ და დროებით შესაფარებლად წამიყვანა. სინამდვილეში, დამინახა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ მე ვიყავი კატა, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ადამიანებს უჭირთ აღიარება და არც ჩემი პატრონია გამონაკლისი. მისი ხასიათის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ და ვაცხადებ, რომ მასთან შეხვედრით მეც გამიმართლა.
აივანიდან პეზაჟებს გავცქერი ხოლმე. მიყვარს მწვანე, ან შემოდგომის ფერებად აჭრელებული ხეები რომ ირხევიან და კიდევ უფრო ლამაზია ასკილის ბუჩქიდან უცებ, ერთდროულად აფრენილი ათობით ჩიტი. ამ დროს თვალებს ვხუჭავ და ჩემს თავს ვეუბნები. დაიმახსოვრე ლუი, ამისთვის ღირს მოსვლა სამყაროში. არ მკითხოთ საიდან მოსვლა. არ ვიცი. მგონია, რომ სხვა პლანეტაზე, ან სხვა სამყაროშიც ვცხოვრობდი და არსად ისეთი ლამაზი არ არის სამყარო, როგორც აქ, დედამიწაზე.
თუ პეიზაჟების ცქერა არ შეგიძლია, საერთოდაც თუ სილამაზის ცქერა არ შეგიძლია, მარტივად სავარაუდოა, რომ ავად ხარ. დიახ, მჯერა, ამ სამყაროში იმიტომ მოვდივართ, რომ დავიმახსოვროთ ყველა სილამაზე და მერე სხვა ცხოვრებაში თუ არ დაგვხვდება, რამე მსგავსი თვითონ შევქმნათ.
არ მკითხოთ საიდან ვიცი ამდენი. მე კატა ვარ და კატებმა უამრავი რამ იციან, მაგრამ საიდან იციან, ეგ არცერთმა არ ვიცით.
აივნიდან სილამაზის ცქერით რომ ვტკბები, ხანდახან ყმაწვილკაცობა მახსენდება. ჩემს დანახვაზე ძუ კატები კარგავდნენ გონებას, ვინ არ მეტენებოდა. ყველა მზად იყო ჩემთან ერთად მინდორში ენებივრათ და შემდეგ კატაბალახას სუნით გამომთვრალი ვნებებს მივცემოდით. ჩემი ცხოვრება ერთიანად ბოჰემა იყო, ქუჩა, სხვენი, მიგდებულია ვტოფარეხი, მინდორი, ქალები, ქალები და კატაბალახა დიდი დოზით. იმ დღესაც, როდესაც მომავალმა პატრონმა პირველად მნახა, ბალახით შემთვრალი, დეკემბრის უცეცხლო მზის სხივებს ვეთამაშებოდი და გაყინულ ბალახში ვგორაობდი.
თვალებში შევხედე თუ არა, ვერ გავიხსენე სად და როდის მენახა, მაგრამ მეცნო. ალბათ რომელიღაც ცხოვრებიდან. საოცრად ახლობელი და თბილი იყო. ვგრძნობდი და მაგონებდა დედას, რომელსაც ორი თვის ასაკში დამაცილეს, პატრონს, რომელიც არასდროს მყოლია.
ჩემი მშობლების ჭირვეულმა მესაკუთრემ, რომელიც დიდ კატებთან ერთად ემიგრაციაში მიდიოდა, კნუტი თავიდან მომიშორა და ახლობელს აჩუქა. ისეთ ადამიანს, რომელსაც კატების კი არა, საკუთარი თავის მოვლაზეც კი არ ჰქონდა სწორი წარმოდგენა.
გავიზარდე როგორც ქუჩის ბიჭი, რომანტიკული ბუნებით. ხომ იცით როგორც ხდება, გარემო ვერ ცვლის კატის ხასიათს, თუ მისი გული გრძნობათა უძირო ქვევრია. ასეთი კატა პეპლებს ვერ იჭერს, რადგან ჰაერში მოფარფატე პეპელა მისთვის სამყაროს მშვენიერებაა, რომელიც კი არ უნდა გაანადგურო, უნდა მიუშვა, იფრინოს და ცქერით დატკბე. ხო, არც ჩიტებზე მინადირია. საერთოდაც, არაფერზე არ ვნადირობდი, რადგან თუ გშია, ქუჩაში საჭმელს ყოველთვის იპოვნი.
როცა არ იცი რას ნიშნავს ღირსეული საუზმე, სადილი, ვახშამი, ძვირფასი დესერტი, ადამიანების ნასუფრალი სამყაროში ყველაზე დიდებული რამ გგონია და გიზიდავს ნაგვის ურნებში, სადაც საოცარი სუნი ტრიალებს, ჩახვალ და ამოსვლა აღარ გინდა. სურნელება თავბრუს გახვევს, დაძვრები ლაბირინთებში, რათა ყველაზე გემრიელ ნარჩენს მიადგე. მართლია, ზოგჯერ გემრიელობამ შეიძლება ფაღარათი დაგმართოს და მინდორში სამკურნალო ბალახების ძებნა მოგიწიოს, მაგრამ როგორც კი განიკურნები, გავიწყდება და ისევ დაძვრები ნაგვით სავსე ტომრების გვირაბებში ან სულაც მიუსაფარი ძაღლებისთვის ქუჩის კუთხეში დაყრილ საჭმელს მიირთმევ. გემოც აქვს და რაც მთავარია, ფაღარათი არ გემართება.
მოკლედ, იმ დღეს, დეკემბრის ბედნიერ დღეს, როდესაც მე და მომავალი პატრონი ერთმანეთს თვალებით შევეჩეხეთ, ორი ოქროსფერი მხეცი ახლდა, ძაღლები.
საღამოს, როდესაც უკვე მათ გარემოცვაში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ თავგასიებული არსებები, რომლებიც დილით სულაც არ მომივიდნენ თვალში, საინტერესო პიროვნებები იყვნენ. მათ შესახებ ბევრს გიამბობთ, მოგვიანებით.
შეხვედრა
ქუჩაში ცხოვრებას თავისებური ხიბლი აქვს. შეიძლება ერთი სიტყვით თავისუფლება დაარქვა, მაგრამ უფრო გადარჩენისთვის სრბოლას გავს. ძალიან ახალგაზრდას თავში მილიარდი დაგირბის დაგირბის, მოგწონს სრბოლა, საფრთხე, გაქცევა და სულ არ განაღვლებს სად დაგეძინება და გაგეღვიძება. მთავარია, კუჭი სავსე გქონდეს, კატაბალახა გეგულებოდეს და ყოველთვის იყოს გოგო, რომელიც სიყვარულისთვის მზად არის. თუმცა არის მეორე მხარე, სულ ბინძური ხარ, ყარხარ და როგორც ამბობენ, თუ ჯიშიანი დაიბადე, გენეტიკა თავისას შვრება.
სწორედ ამ გენეტიკის გამო, ისე, რომ ვერც ხვდები სისხლის ყივილს, ზოგჯერ ბოჰემური ცხოვრების მიმართ პროტესტი გიჩნდება და გინდა ბალიშებზე მისვენებულს გეძინოს, თავს დაგტრიალებდეს მოსიყვარულე პატრონი. მეტიც, შენი ყურმოჭრილი მონა იყოს. ასეა, როდესაც წინაპრები მეფურად ცხოვრობდნენ, მათ გენეტიკაში დაილექა კარგად ცხოვრების უნარი და მერე ვერაფერს უხერხებ გადმოცემულ მემკვიდრეობას, სულ თავს გახსენებს, ჯერ გიღიტინებს ტვინში, გულში, სისხლში, მერე კი განჯღრევს და შინაგანი ხმა ჩაგძახის, სულელო, ეს არ არის შენი ცხოვრების გზა, შენ პრინცი ხარ და მორჩი ამ გაუთავებელ თრობას, მექალთანეობას და პატრონი ნახე. ო, ეს „პატრონი ნახე“ იოლი ჰგონია შინაგან ხმას.
გამაჩუქეს, რომ პატრონი მყოლოდა, მაგრამ როგორც კი მოვიზარდე, სამი-ოთხი თვის რომ გავხდი, გამიღო კარი და მითხრა, შენი ნერვები არ მაქვს, როგორც გინდა იცხოვრეო და მეც ვცხოვრობდი ისე, როგორც მსურდა, უფრო სწორად, როგორც ცხოვრობდნენ ქუჩის კატები. გავიზარდე, დიდი, ვეება, როგორც ნორვეგიული ტყის კატების ნაშიერს შეეფერება, წარმოსადეგი. იმედია, არ ფიქრობთ, რომ რომელიმე ქუჩის კატას შეეძლო ჩემთვის მეტოქეობა გაეწია.
ძალიან სასიამოვნო იყო თითოეული დუელი, გამარჯვება და მახარებდა, როგორ იკინძებოდა ჩემი დღეები ბედნიერებისგან, რომელსაც გამუდმებით ვგრძნობდი როგორც კატა, რომელსაც არაფერი დაეწუნებოდა. სწორედ ამიტომაც მოვხვდი თვალში მას, ვინც მიპოვნა და მგონი, საერთოდ ვისთვისაც გავჩნდი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გამომნელებოდა კატაბალახათი თრობა და ფოკუსს ვერ ვასწორებდი, თვალებში შევხედე თუ არა, ვიგრძენი, რომ ისევ შევხვდებოდი. კი გამიკვირდა, მე ხომ კატა ვარ და ის ადამიანი, ორი საშინელი ურჩხულით, რა საერთო უნდა მქონდეს მასთან? მაგრამ ხმა? თქვა, რომ ძალიან საყვარელი ვარ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მან თქვა ის, რისი უთქმელობაც, რისი დაუნახაობაც შეუძლებელი იყო, მაგრამ ხმაც უზომოდ ახლობელი ჰქონდა და კიდევ უფრო ვიგრძენი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და უკანასკნელი შეხვედრა. ცხოვრებაში ხდება რაღაც, რომელსაც ვერასდროს ახსნი და ამავე დროს ხვდები, რომ რაც მოხდა, აუცილებლად უნდა მომხდარიყო.
იქვე, სადაც ბალახებში ვგორაობდი, ერთი შენობა იდგა, რომელშიც ხშირად მკვდრები მოდიოდნენ. ცოცხლებს მოჰყავდათ ერთი მკვდარი და მალე იქაურობა უამრავი მკვდრით ივსებოდა. შენობა, ეზო, ქუჩა სავსე იყო ხალხით. უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ძალიან საინტერესო ადგილი იყო, მკვდრები და ცოცხლები ერთად ტრიალებდნენ, მაგრამ ცოცხლები ვერ ხედავდნენ მკვდრებს და მკვდრებს არ შეეძლოთ ცოცხლებისთვის საკუთარი არსებობა ეგრძნობინებინათ. ვერ ვხვდები ჩვენ, კატები რატომ ვხედავთ ყველაფერს და ადამიანებს რატომ აქვთ შეზღუდული თვალსაწიერი.
გინდა გაგრძელება იყოს? მომწერე, მაგრძნობინე, რომ შენთვის ღირებულს ვქმნი და აუცილებლად გიამბობ ჩემი ცხოვრების შესახებ.
სიყვარულით კატა ლუკა


