/შინაური ცხოველების დაბერება „განიკურნება“?!

შინაური ცხოველების დაბერება „განიკურნება“?!

🐾 კატა ლუკას ბლოგი

რევოლუცია ვეტერინარულ მეცნიერებაში

ჩემი ადამიანი, რომელსაც ოთხი ძაღლი და ორი კატა (ერთ-ერთი მე ვარ) ჰყავს, ყველა სხვა კომპანიონი ცხოველის პატრონს ჰგავს — შეპყრობილია ერთი მთავარი შიშით: იცის, რომ ერთ დღეს ხელიდან გამოვეცლებით და უჩვენოდ მოუწევს ცხოვრება.
ფაქტია, ეს გარდაუვალია; ადამიანების მსგავსად, ჩვენც ჩვენი დრო გვაქვს მოზომილი. თუმცა, ეს დრო ნამდვილად ხანმოკლეა — როგორც თქვენთვის, ჩვენი ორფეხა მეგობრებისთვის, ისე ჩვენთვისაც.
სანამ ჩვენ ყოველდღიურ ქაოსში ვცხოვრობთ, მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში ნამდვილი სამეცნიერო სასწაული ხდება. ბიოტექნოლოგიური კომპანიები და გერონტოლოგები (დაბერების შემსწავლელი მეცნიერები) მიუახლოვდნენ მომენტს, როცა შინაური ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობის საზღვრები რადიკალურად გადაიწევს.
რა ხდება ამ წუთებში მსოფლიოში და რა უნდა იცოდეთ პატრონებმა, რომ ჩვენ, თქვენმა მეგობრებმა, უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ?

💊 1. მსოფლიოში პირველი „სიბერის საწინააღმდეგო აბი“ (Loyal-ის გარღვევა)

სან-ფრანცისკოში არსებულმა ბიოტექნოლოგიურმა გიგანტმა, Loyal-მა, ინოვაციური პრეპარატები შექმნა: LOY-001 და LOY-002. მათ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) პირველი მკაცრი ეტაპები უკვე წარმატებით გაიარეს.
  • როგორ მუშაობს? დიდი ჯიშის ძაღლები (მაგალითად, ნაგაზები, აკიტები, რეტრივერები) ბევრად ცოტას ცოცხლობენ, ვიდრე პატარა ჯიშის წარმომადგენლები.
  • მიზეზი: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი ზრდის ჰორმონის, IGF-1-ის მაღალი დონეა. ასაკში შესვლისას ეს ჰორმონი უჯრედულ სტრესს იწვევს და აჩქარებს დაბერებას.
  • შედეგი: ახალი პრეპარატი ბლოკავს ამ ჰორმონს და ხანდაზმულ ძაღლებს დამატებით 1-დან 2-მდე აქტიურ და ჯანსაღ წელს ჩუქნის. პრეპარატის ბაზარზე გამოჩენა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

🧬 2. Rapamycin — სიცოცხლის ელექსირი ძაღლებისთვის?

გლობალური პროექტი Dog Aging Project აქტიურად სწავლობს ნივთიერება რაპამიცინს (Rapamycin). ეს არის იმუნომოდულატორი, რომელმაც ლაბორატორიულ თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა.
მიმდინარე კლინიკური კვლევები (TRIAD) აჩვენებს, რომ რაპამიცინის მცირე დოზები ხანდაზმულ ძაღლებში:
  • აუმჯობესებს გულის ფუნქციას.
  • ინარჩუნებს კოგნიტურ უნარებს (ტვინის მუშაობას).
  • იცავს და ამაგრებს სახსრებს.

🏡 3. გერონტოლოგიის ოქროს წესები: რა შეგვიძლია გავაკეთოთ დღესვე სახლში?

სანამ კოსმოსური მედიკამენტები აფთიაქებში მასობვით გამოჩნდება, მეცნიერები პატრონებს უმტკიცებენ, რომ ცხოვრების წესის მართვას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, 3 მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს ცხოველის დღეგრძელობას:
  • ⚖️ წონის მკაცრი კონტროლი (ყველაზე კრიტიკული ფაქტორი): სტატისტიკურად, ჭარბი წონის მქონე ცხოველები 2 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე იდეალური წონის მქონე მათი თანამოძმეები. სიმსუქნე იწვევს უჯრედულ ანთებას, რაც კიბოს, დიაბეტისა და ოსტეოართრიტის მთავარი მიზეზია.

🐾

• წონის მკაცრი კონტროლი (ყველაზე კრიტიკული ფაქტორი): სტატისტიკურად, ჭარბი წონის მქონე ცხოველები 2 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე იდეალური წონის მქონე მათი თანამოძმეები. სიმსუქნე იწვევს უჯრედულ ანთებას, რაც კიბოს, დიაბეტისა და ოსტეოართრიტის მთავარი მიზეზია.

🐾 „ძალიან კი მომწონს, როდესაც ჩემი ადამიანი ფაფუკ მუცელს მიმსაჯებს, მაგრამ ზედმეტი კილოგრამები უნდა დავაგდო და ეს გამომწვევი ღიპი მოვიშორო. ხო, როგორც ადამიანებს გიყვართ თქმა, დიეტაზე უნდა დავჯდე. ცხადია, გემრიელ დიეტაზე.“ — ლუკა.
  • 🧠 ფიზიკური და კოგნიტური აქტივობა: ძაღლების გასეირნება არა მხოლოდ ტუალეტის პრობლემის მოგვარებაა, არამედ ტვინის სტიმულაციაც ხდება. აქტიური სეირნობა, ახალი სუნების აღქმა და თამაშები მკვეთრად ანელებს ცხოველების დემენციას (ტვინის დაბერებას).
🐾 „ჰო, რომ გგონიათ, მიწაში ან ბალახებში ცხვირჩარგულ თქვენს ძაღლს მეტი საქმე არ აქვს და სხვა ცხოველის კვალს ეძებს,  ფაქტობრივად უახლეს „პრესას“ ეცნობა ზოოსამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაგალითად, ჩემი პატრონის ხვადი აკიტა, საი, დაჟინებით კითხულობს ინფორმაციას ხვადი ძაღლების მარშრუტების შესახებ, რადგან მათ შორის შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, ვინც სიყვარულის განწყობაზე მყოფი ძუს ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატები იცის. მართალია, პატრონს ხელიდან ვერ დაუსხლტება და იმ ძუს ვერ ნახავს, მაგრამ იოცნებებს მაინც.“ — ლუკა.

✂️

სტერილიზაციის სწორი ტაიმინგი: 40,000-ზე მეტი ცხოველის სამედიცინო ისტორიის ანალიზმა აჩვენა, რომ სტერილიზებული ძაღლები და კატები საშუალოდ 1.5–2 წლით დიდხანს ცოცხლობენ. თუმცა, უახლესი რეკომენდაციით, დიდ ჯიშებში ეს პროცესი ძალიან ადრეულ ასაკში არ უნდა ჩატარდეს, რათა ძვლოვანი სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს.

🩺       რას ამბობენ ქართველი ექსპერტები? 

ჩემი ბლოგის კონსულტანტს, ექიმ მარიკასაც ვკითხე — მსოფლიოში კი არის სიახლეები, მაგრამ რამდენად სწრაფად მოაღწევს საქართველოში, მოგვისწრებს და ოთხფეხა მათუსალებად ვიქცევით, თუ მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის-მეთქი?
 მოვუსმინოთ მარიკას და ვილოცოთ, რომ ხვალ გვითხრას, აბა, რიგში ჩადექით გაახალგაზრდავების მსურველები!

💬 მარიამ ჩხიკვიშვილი — ვეტერინარი ექიმი, კლინიკა „ვეტექსის“ დირექტორი და საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი:

„ვფიქრობ, აღნიშნული მედიკამენტი მანამ ვერ მოაღწევს ჩვენამდე, სანამ კვლევები არ დასრულდება. ასეც სჯობს, რათა წლების შემდეგ მოსალოდნელი  შედეგები და გვერდითი ეფექტები სრულად ვიცოდეთ.  მანამდე თავს შევიკავებ ამ თემის განხილვისგან.

მსგავსი აჟიოტაჟი გამოიწვია ადამიანებისთვის ოზამპიკის აღმოჩენამ. თუმცა  წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დასკვნები ნაადრევი იყო და ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. დაბერება ფიზიოლოგიური პროცესია და ამის უკუქცევა ძალიან რთული საქმეა, რადგან ყველაფერს თავისი რესურსი აქვს. მაინც სჯობს, დაველოდოთ მოვლენებს.“


🔮 მომავალი, სადაც უფრო დიდხანს ვიქნებით ერთად

მარიკამ სულ ასე იცის ლაპარაკი, იმედებით არ “დაგამძიმებს”, მაგრამ ეგეც მართალია და ოცნებებს სჯობს, შევიგნოთ, რომ სიბერე არ არის განაჩენი, ის უბრალოდ ბიოლოგიური პროცესია, რომლის მართვა მეცნიერების გარეშეც შეგიძლიათ. ჩვენ სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს ზრუნვა და სიყვარული. გაუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, აკონტროლეთ მათი წონა და მზად იყავით მომავლისთვის, სადაც ჩვენ უფრო დიდხანს ვიქნებით ერთად. ❤️

📖 გამოყენებული წყაროები:
ავტორიტეტული დასავლური წყაროები — ამერიკული National Geographic, ბრიტანული The Guardian და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი მონუმენტური Dog Aging Project.