/შერანტინგი და მოპარული ბავშვობა: რატომ ვერ ვიზიარებ ინტერნეტ-ეიფორიას
გოგონას ვიდეო

შერანტინგი და მოპარული ბავშვობა: რატომ ვერ ვიზიარებ ინტერნეტ-ეიფორიას

სოციალურ ქსელებსა და ქართულ მედიაში ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა პატარა გოგონას, ევას ამბავი, რომლის ვიდეოჩანაწერი შოუბიზნესის უცხოელმა ვარსკვლავებმა გააზიარეს.

ვირუსულად გავრცელებულ კადრებს მასობრივი აღფრთოვანება მოჰყვა, თუმცა  ეიფორია ვერაფრით გავიზიარე. მეტიც, ნანახმა, არამხოლოდ „მილიონებიანმა ვიდეომ“, დამაფიქრა.

გოგონას ინფლუენსერულ რილსებსა და ფირებში კადრს მიღმა აშკარად ჩანს ფსიქოლოგიური წნეხი და დაძაბულობა, რომელიც სამომავლოდ მოსალოდნელი შედეგების გამო შეშფოთების საბაბს იძლევა.

განვითარებულ საზოგადოებებში, სადაც ბავშვის უფლებათა დაცვისა და ეთიკის სტანდარტები მაღალია, მსგავსი მოვლენა აუცილებლად იწვევს დისკუსიას ონლაინ-სივრცეში არასრულწლოვნის უსაფრთხოებასა და პრივატულობაზე. მით უფრო,  რომ ადრეულ ასაკში კამერების წინ მუდმივი თამაში და არაბავშვური როლების მორგება პოპულარული გოგონას ქცევასა და მიმიკებში უკვე მკაფიო კვალს ტოვებს.

რაც პატარა ევას თავს ხდება, მსოფლიოში ძალიან ცნობილია  და დიდი ხანია გასცდა ცალკეული ოჯახისა თუ ქვეყნის ფარგლებს. მსოფლიოში ამ ფენომენს „კიდფლუენსინგს“ (Kidfluencing) ან მშობლების მხრიდან შვილების ცხოვრების გადამეტებულ საჯაროობას  „შერანტინგს“ (Sharenting) უწოდებენ.

მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო ამ მიმართულებით მკაცრ სამართლებრივ და ეთიკურ ჩარჩოებს ქმნის, საქართველოში ბავშვები ინტერნეტ-ალგორითმებისა და საზოგადოებრივი ვუაიერიზმის წინაშე პრაქტიკულად სრულიად დაუცველები რჩებიან.

ხალხი სეირობს. მასას გასართობი სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შენიშნავს გოგონას გასაჭირს, როგორც იტყვიან, აუტკივანი თავის ატკიებას არ ეცდება და წუხილი რომ „თეთრი ყვავის“ გამოხდომად არ ჩაუთვალონ, დუმილს განაგრძობენ. ამასობაში კი სანახაობით დაუკმაყოფილებელი მასა სეირის ობიექტს უფრო აქეზებს.

როცა ბავშვის ემოცია ეკონომიკური და სოციალური აქტივი ხდება

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების კვლევები აჩვენებს, რომ ინტერნეტ-სივრცეში ადრეულ ასაკში მოპოვებული პოპულარობა ხშირად მძიმე ფსიქოლოგიური შედეგებით სრულდება. ბავშვი-ინფლუენსერების მთავარი გამოწვევებია:

  • იდენტობის კრიზისი: ბავშვი ვერ ავლებს ზღვარს საკუთარ რეალურ „მე“-სა და იმ ინტერნეტ-პერსონაჟს შორის, რომლისგანაც აუდიტორია მუდმივად მხიარულებას, ცეკვას ან კონკრეტულ „საყვარელ“ ქცევას ელის.
  • ემოციური გადაწვა: ბავშვის ბუნებრივი ემოციები ხდება ნახვებისა და „ლაიქების“ მოპოვების ინსტრუმენტი. მას უწევს კამერის წინ იცინოს ან ილაპარაკოს მაშინაც, როდესაც რეალურად დაღლილია ან ამის სურვილი არ აქვს.
  • როლების შებრუნება (Parentification): ბავშვი გაუცნობიერებლად ხდება ოჯახის ყურადღების ცენტრი ან ფინანსური შემოსავლის წყარო. ეს პროცესი მას ართმევს ჯანსაღ სოციალიზაციას თანატოლებთან და უჩენს მუდმივ შფოთვას, რომ „რეიტინგის“ დაცემასთან ერთად სიყვარულსაც დაკარგავს.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ვირუსული პოპულარობის მიღმა ხშირად დგას მშობლების დაუფარავი ამბიცია, რაც ბავშვს ართმევს ყველაზე მნიშვნელოვანს,  მშვიდ, უზრუნველ ბავშვობას.

როგორ იცავს ევროპა ბავშვებს?

ევროპულმა საზოგადოებამ უკვე გააცნობიერა, რომ მშობლის სურვილი, აქციოს შვილი ონლაინ-ვარსკვლავად, ხშირად ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ევროპაში პრობლემას საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება მოჰყვა:

  • საფრანგეთის პრეცედენტი (Studer Law): საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვი-ინფლუენსერების საქმიანობა კანონით დაარეგულირა. მშობლებს ეკრძალებათ ბავშვის ონლაინ-აქტივობით გამომუშავებული თანხის განკარგვა. ეს ფინანსები ირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, რომელსაც ბავშვი მხოლოდ სრულწლოვანების მიღწევისას განკარგავს.
  • „დავიწყების უფლება“: ამავე კანონმდებლობით, არასრულწლოვანს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს პლატფორმებს (TikTok, YouTube, Instagram) მისი მონაწილეობით გადაღებული კონტენტის სრული წაშლა, მშობლების თანხმობის გარეშეც კი.
სად ვართ ჩვენ?

ჩვენს რეალობაში, სადაც ციფრულ სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმები პრაქტიკულად არ არსებობს, მთელი პასუხისმგებლობა ოჯახსა და საზოგადოებაზე გადადის.

სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირად თავად მაყურებელი და გულშემატკივარიც ვერ ამჩნევს, როგორ იფანტება ბავშვობა ეკრანის მიღმა. პოპულარობა და მილიონიანი ნახვები არ ღირს ბავშვის ფსიქიკის დამსხვრევის ფასად.

აქვე ვიტყვი, ამ საკითხის წამოჭრის მთავარი მიზანი ვინმეს გაკრიტიკება არ არის, მთავარია, საზოგადოება დაფიქრდეს და მშობლებმა საკუთარი შვილებისგან სეირის ობიექტების გამოძერწვა შეწყვიტონ.

ბავშვებს სჭირდებათ თამაში, სიმშვიდე, თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობა და უსაფრთხო გარემო და არა ალგორითმებზე დამოკიდებული, ნაადრევად დაწყებული „დიდობის“ იმიტაცია. ერთი წამით დაფიქრდით, სად მიჰყავს მოზარდის მომავალი ასეთ გზას? ჩაუჯექით ვიდეოებს, დააკვირდით გოგონას მიმიკებს, რისი პროგრესი განვითარდა, რა გაუარესდა და მიხვდებით, რომ ამ  წრეგადასული, მოწონებების ღრიანცელის ნაცვლად სათქმელი გვაქვს, ფრთხილად ბავშვთან!