/დაცემული ბავშვი თუ დაცემული საზოგადოება?

დაცემული ბავშვი თუ დაცემული საზოგადოება?

კოლექტიური გულცივობისა და რობოტიზებული პერფორმანსის ანარეკლი.

 

პირდაპირ ეთერში ბავშვთა გუნდი მღერის. მოულოდნელად, ერთ-ერთი გოგონა შეუძლოდ ხდება და იატაკზე ეცემა. ის, რაც ამ წამიდან ეკრანზე განვითარდა, გაცილებით მძიმე სანახავი იყო, ვიდრე თავად ფიზიკური დაცემა: სიმღერა არ შეწყვეტილა. უფროსები კადრში არ გამოჩენილან. ბავშვები წამით შეყოვნდნენ, თუმცა კადრს მიღმა მიღებული აშკარა მინიშნების შემდეგ, მზერა კვლავ კამერას მიაპყრეს და სიმღერა განაგრძეს.

მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ თურმე ბავშვი სამი წუთის განმავლობაში  ყოველგვარი დახმარების გარეშე ეგდო. მაშინ, როდესაც მედიცინაში არსებობს ე.წ. ოქროს წუთების პრინციპი, სადაც ყოველ წამს აქვს მნიშვნელობა. 3 წუთი არის ზღვარი სიცოცხლესა და კლინიკურ სიკვდილს შორის. რადგან უმოქმედობის 180 წამიდან თითოეული შეიცავს სასუნთქი გზების დახშობის, ჟანგბადის უკმარისობის და ტვინის უჯრედების შეუქცევადი კვდომის რისკს. შესაბამისად,  პირდაპირ ეთერში შოუს გამო სასწორზე დაიდო არა მხოლოდ ეთიკა, არამედ ბავშვის ფიზიკური გადარჩენის შანსი და ამიტომაც ყველამ ვნახეთ არა უბრალოდ შოუ, არამედ მძიმე სამედიცინო განაჩენი ეთერში.

ამიტომაც კადრების არაერთხელ ნახვის მიუხედავად ტვინს გაუჭირდა დაჯერება, რომ რეალობას ხედავდა და არა ფილმს, სადაც რეჟისორს სურს ემპათიისგან დაცლილი, მოწყალების უნარის უქონელი საზოგადოება გვაჩვენოს.

ამ ინციდენტმა საზოგადოებაში სამართლიანი შოკი და პროტესტი გამოიწვია. თუმცა, სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების გამოცდილებების მიხედვით, შეცდომა იქნება, თუ მომხდარში მხოლოდ ერთი ჯგუფის, ცალკეული პიროვნებების ან თუნდაც ორგანიზაციის დანაშაულს დავინახავთ, ასე ავცდებით მთავარ დიაგნოზს, რომელიც ვერაფრით ჯდება იზოლირებული ეთიკური ხარვეზის ჩარჩოში და თითქმის ყვირის, როგორც თანამედროვე საზოგადოებისა და ციფრული თაობის ღრმა კულტურულ-ფსიქოლოგიური ავადმყოფობის სიმპტომი.

ქართულ ტელევიზიებში, სამწუხაროდ, მრავლად მოიძებნებაშემთხვევები“, სადაც საზოგადოება არანაკლებ ურეაქციოა არანაკლებ სისასტიკეზე. ჩვენ არაერთხელ გვინახავს თოკ-შოუები, სადაც ადამიანის პირადი ტრაგედია და გაჭირვება გასართობ „კონტენტად“ იქცევა, ხოლო დარბაზი რეიტინგულ სანახაობას მექანიკური ტაშით აჯილდოებს. გვინახავს სოციალური ექსპერიმენტები, სადაც ქუჩაში დაცემულ ადამიანს ათობით გამვლელი გულგრილად უვლის გვერდს. ამიტომაც, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში მოხდა, ჩვენს მედიასა და ყოველდღიურობაში წლების განმავლობაში ნასაზრდოები კოლექტიური გულცივობისა და რეიტინგის კულტის ლოგიკური გაგრძელებაა.

მივყვეთ მიზეზებს, რომელთა ერთობლიობამ მოგვცა ის, რამაც ეთერიდან აღგვაშფოთა:

ემოციური დესენსიბილიზაცია – სიკვდილი ან განსაცდელი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა

თანამედროვე ბავშვები (Alpha თაობა) პირველი თაობაა, რომელიც სრულად ციფრულ გარემოში გაიზარდა. ვიდეოთამაშები (Roblox, Minecraft, Fortnite), მოკლე ვიდეოები (TikTok, Reels) და დაჩქარებული მულტფილმები ბავშვის ფსიქიკაში ქმნიან ფენომენს, რასაც მეცნიერებაში „ემოციური დესენსიბილიზაცია“ (Emotional Desensitization) ანუ მგრძნობელობის დაქვეითება ჰქვია.

„რესპაუნის“ (გაცოცხლების) ილუზია

თამაშებში პერსონაჟის სიკვდილი ან დაცემა არ არის საბოლოო – ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ის ისევ ცოცხლდება. ბავშვის ქვეცნობიერში ყალიბდება კოდი, რომ ფიზიკური დაზიანება შექცევადია. როდესაც რეალურ ცხოვრებაში მათ თვალწინ მეგობარი ეცემა, ტვინი რეალური საფრთხის სიგნალს ბლოკავს და მას თამაშის ეპიზოდთან აიგივებს. ამ საგანგაშო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს უფროსების დიქტატი — კამერას უყურონ, იმღერონ და… დაცემული ბავშვი „დაიკიდონ“. ბოდიში ამ ჟარგონისთვის, მაგრამ სწორედ ასეთი ხისტი, არაადამიანური გულგრილობა მოითხოვა სისტემამ პატარა ადამიანებისგან.

ალგორითმული გულგრილობა

სოციალური ქსელების ალგორითმი ბავშვებს აჩვევს ემოციების მომენტალურ, აბსურდულ მონაცვლეობას. მათ შეუძლიათ ეკრანზე  ნახონ კადრი კატასტროფიდან და მომდევნო წამს, თითის ერთი გასმით (Swipe) გადავიდნენ მოცეკვავე ბლოგერზე. ეს იწვევს ემპათიის გამოფიტვას. ტვინი ვეღარ ასწრებს ტკივილის გადამუშავებას, ის უბრალოდ განაგრძობს „ყურებას“, ისევე როგორც გუნდმა გააგრძელა „სიმღერა“.

„მედია-ეკრანი“, როგორც დამცავი ბარიერი

ინციდენტის დროს ბავშვები იდგნენ პროფესიონალური კამერების წინ. თანამედროვე ბავშვისთვის კამერა და განათება არის სიგნალი, რომ ის გადავიდა „ვირტუალურ რეჟიმში“.კამერამ მათსა და დაცემულ მეგობარს შორის უხილავი ფსიქოლოგიური კედელი აღმართა. მათ იგრძნეს თავი არა რეალურ სივრცეში, არამედ ეკრანის შიგნით,  იქ, სადაც წესები სხვანაირია, სადაც ყველაფერი შოუა და ტკივილიც ნამდვილი არ არის. მათთვის ეს იყო პერფორმანსი, პერფორმანსს კი საკუთარი, ჰუმანურობისგან დაცლილი კანონები აქვს.

შოუ უნდა გაგრძელდეს“ — პერფორმანსის რობოტიზაცია

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მომხდარის პირველი მიზეზი ხელოვნურად შექმნილი სოციალური კონტექსტია, სადაც „სუფთა კადრი“ და „უწყვეტი ეთერი“ უფრო მაღალ ფასეულობად იქცა, ვიდრე ცოცხალი ადამიანის უსაფრთხოება. ფრაზა The show must go on (შოუ უნდა გაგრძელდეს) თანამედროვე ცივილიზებულ მედიაში დიდი ხანია გადაფასდა ადამიანის უფლებების სასარგებლოდ, თუმცა ჩვენს რეალობაში ის კვლავ ბრმად გამოიყენება. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დიდი ალბათობით, გადაღებაზე მომუშავე კონკრეტულმა ჯგუფმა კრიზისულ მომენტში სიტუაციის მართვის ერთადერთ გზად შოუს „გადარჩენა“ მიიჩნია, ბავშვის გადარჩენის ნაცვლად. ეს არის კლასიკური პროფესიული დეფორმაცია, როდესაც მოვლენას უყურებენ არა როგორც რეალობას, არამედ როგორც „პროდუქტს“ რეიტინგისთვის.

ამ ინდუსტრიულ წესს კოლექტიური პარალიზებისკენ მივყავართ, რასაც სოციალურ ფსიქოლოგიაში საკუთარი სახელი ჰქვია.

მოწმის ეფექტი და პასუხისმგებლობის დიფუზია

ზოგადად, შემთხვევის დროს სატელევიზიო სივრცეში მყოფმა ათეულობით ზრდასრულმა განიცადა სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილი ფენომენი — „მოწმის ეფექტი“ (Bystander Effect) და პასუხისმგებლობის დიფუზია (გადანაწილება), რომელიც ჭარბად გვჭირს ყოველდღიურობაში. როდესაც კადრს მიღმა ბევრი ადამიანია, თითოეული მათგანი გაუცნობიერებლად (შესაძლოა, გაცნობიერებულადაც) ფიქრობს: „ამას მე კი არა, სხვა მიხედავს“. შედეგად, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ნულამდე მცირდება და რეაგირებას არავინ ახდენს, რაც საბოლოოდ სრულ კოლექტიურ პარალიზებასა და გულგრილობას შობს.

თუმცა, იმისათვის, რომ მოწმის ეფექტმა ათეულობით ადამიანი ერთდროულად დააბრმავოს, საჭიროა გარემო, რომელიც ინდივიდუალურ ნებას მთლიანად ანადგურებს. სწორედ აქ შევდივართ კადრს მიღმა არსებულ იმ უხილავ ლაბირინთში, სადაც ადამიანები საკუთარ სახეს კარგავენ.

უხილავი რეჟისორებისოციალური ჰიპნოზი და როლის ტყვეობა

ბავშვები ციფრული ნარატივების მსხვერპლნი არიან, კადრს მიღმა მყოფი უფროსები კი ბიუროკრატიული და კორპორატიული წნეხის ტყვეები. ამიტომაც დიდი ალბათობით მათ ქცევას მართავდა ძალები, რომლებსაც თავად ვერც აცნობიერებდნენ: სამსახურებრივი ტერორის შიში: ტოტალიტარული მენეჯერული კულტურა, სადაც „ეთერის ჩაგდება“ სამსახურიდან გათავისუფლებით ან მძიმე ჯარიმით ისჯება, ადამიანში ბადებს ცხოველურ შიშს. სტრესის მომენტში ამ შიშმა მომენტალურად ჩაახშო ზრდასრული ადამიანების მორალური კომპასი.

დეინდივიდუალიზაცია

 

1971 წელს, სტენფორდის ციხეში, ფილიპ ზიმბარდოს მიერ ჩატარებული კლასიკური ექსპერიმენტის მიხედვით, როდესაც ადამიანი დიდი სისტემის ნაწილი ხდება, საკუთარ „მეს“ კარგავს. აღარ არის ინდივიდი და არის „ფუნქცია“ (ოპერატორი, რეჟისორი), რომელმაც უბრალოდ ტექნიკური წესები უნდა შეასრულოს. აღნიშნული ექსპერიმენტის შესახებ შესანიშნავი ფილმია გადაღებული და ჩემი ნება რომ იყოს, თუნდაც თვეში ერთხელ გავუშვებდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით და იქვე ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების განხილვებსაც მივაყოლებდი. არ აწყენდა ჩვენს საზოგადოებას მსგავსი გაკვეთილები.

სისტემის წინაშე ეს გაუცნობიერებელი შიში პირდაპირი ეთერის სტრესის დროს კიდევ უფრო მწვავდება და ტვინის ფილტრებს საბოლოოდ თიშავს.

  1. გვირაბისებრი ხედვა“ (Tunnel Vision)

პირდაპირი ეთერის სტრესის დროს, ფართო სურათი ტვინს თიშავს. შესაბამისად, დასაშვებია, რომ მონიტორებთან მომუშავე რეჟისორის გათიშულმა გონებამ დაცემული ბავშვი აღიქვა არა როგორც განსაცდელში მყოფი ადამიანი, არამედ როგორც „წუნდებული კადრი“, რომელიც სასწრაფოდ უნდა „გამოსწორებულიყო“.

ეს მომენტი კი საბოლოო ჯამში გვიჩვენებს, რომ პრობლემა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ერთი სატელევიზიო გადაცემის დროს პულტის მართვა. ეს არის მთელი ჩვენი კულტურული ყოფიერების სარკე.

სარკე

ჩვენ ვცხოვრობთ „სანახაობის საზოგადოებაში“, სადაც „პერფორმანსი“ ახალ რელიგიად იქცა, ადამიანი კი მხოლოდ მექანიზმის ჭანჭიკად. როდესაც კადრში ბავშვი ეცემა და უფროსები სიმღერას აგრძელებინებენ, ეს ნიშნავს, რომ ამ დეჰუმანიზებულმა ციფრულმა სისტემამ უკვე წარმატებით შთანთქა ჩვენი პირველადი, ბუნებრივი ჰუმანური ინსტინქტები. შოუ მხოლოდ სარკეა, რომელშიც დამანგრეველი შედეგი აირეკლა.

სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ამ სარკეში ჩახედვა საზოგადოებისთვის ასეთი მტკივნეული და შოკისმომგვრელი.

ფუნდამენტური მოლოდინის დარღვევა

ამ კადრმა ადამიანებში ძლიერი ემოციური რეაქცია იმიტომ გამოიწვია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მოლოდინი დაარღვია — როდესაც ბავშვი ცუდად ხდება, ყველა სხვა საქმე უნდა შეჩერდეს. ეს არის ინსტინქტი, რომელიც კულტურაზე, პოლიტიკაზე თუ ტექნოლოგიებზე ძველია. სწორედ ამიტომ აღიქვა საზოგადოებამ მომხდარი არა როგორც ტექნიკური შეცდომა, არამედ როგორც ადამიანური მარცხი. ბევრისთვის ეს ეპიზოდი იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეიძლება სისტემამ დროებით ჩაახშოს ბუნებრივი თანაგრძნობა.

დასავლურ და აზიურ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პრობლემა, რომელმაც ბოლო ორი დღეა შეგვძრა,  გლობალურია, სადაც „ლაივის“ ან „პერფორმანსის“ კულტი ადამიანურ ინსტინქტებს ანესთეზიას უკეთებს:

აშშ (ციფრული ეპოქის მოწმის ეფექტი): ამერიკულ სოციალურ კვლევებში ხშირად განიხილავენ შემთხვევებს, როდესაც ძალადობა ან უბედური შემთხვევა პირდაპირ ეთერში (მაგალითად, Facebook Live-ით) გადაიცემა. კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიას რეალურ დროში ათასობით ადამიანი უყურებს, პოლიციაში ან სასწრაფოში თითქმის არავინ რეკავს. თითოეული მაყურებელი ფიქრობს, რომ რადგან ეკრანს ბევრი ადამიანი უყურებს, რეაგირებას სხვა მოახდენს.

დიდი ბრიტანეთი (სამხედრო აღლუმების ხისტად გაწერილი პროტოკოლები): ბრიტანეთის სამეფო საპატიო ყარაულის აღლუმების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც გაუსაძლისი სიცხისა და მყარად დგომისგან ჯარისკაცები გონებას კარგავენ და ეცემიან. პროტოკოლის მიხედვით, მათ გვერდით მდგომ თანამებრძოლებს განძრევის უფლებაც კი არ აქვთ — მათ უნდა გააგრძელონ მარშირება, სანამ კადრს მიღმა მყოფი მედიკოსები არ მოვლენ. ამ პრაქტიკას დასავლურ მედიაში ყოველთვის თან ახლავს მწვავე დებატები,  თუ რამდენად ჰუმანურია „იდეალური მარშის“ ილუზია ადამიანის ჯანმრთელობის ფასად.

სამხრეთ კორეა (ალგორითმული გულგრილობის სოციალური ექსპერიმენტები): კორეის წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ჩაატარა სოციალური ექსპერიმენტი: ქუჩაში პატარა ბავშვი გამვლელებს დახმარებას სთხოვდა და მოულოდნელად გონებას კარგავდა. შედეგები საგანგაშო აღმოჩნდა: ასობით გამვლელიდან, რომლებიც ტელეფონებში იყვნენ ჩაფლულნი, უმრავლესობამ ბავშვს გვერდი აუარა, რადგან მათმა გონებამ რეალური ტრაგედია სმარტფონის მორიგ ვიზუალურ „კონტენტად“ აღიქვა. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარი ინციდენტი მხოლოდ ქართული ტელევიზიის ხარვეზი არ არის. ეს არის ციფრული და ტექნოკრატიული ეპოქის გლობალური სენი, სადაც ადამიანი ნელ-ნელა კარგავს უნარს, რეალურ ტკივილზე მომენტალური, ცოცხალი რეაგირება მოახდინოს.

რა მოჰყვება, თუ ამასგავატარებთ“?

თუ მომხდარს საზოგადოება მარტივად დაივიწყებს, მივიღებთ სერიოზულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ გართულებებს:

  • მივიღებთ საზოგადოებას, რომელიც ქუჩაში თუ ეკრანზე სხვის უბედურებას უყურებს როგორც „კონტენტს“ ან სხვის საქმეს. ეს აჩვევს ადამიანებს გულგრილობას.
  • ტრავმირებული თაობას. პატარები, რომლებსაც სიმღერა იძულებით გააგრძელებინეს, შესაძლოა ფარულ დანაშაულის გრძნობას განიცდიდნენ მეგობრის მიმართ. ამასთან, მათ ქვეცნობიერში ჩაიბეჭდა შიში: „თუ მეც დავეცემი, სისტემა ჩემზეც გადაივლის და სიმღერას გააგრძელებს“.
  • თუ პასუხისმგებელ პირებს არ დაეკისრებათ მორალური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მსგავსი მოპყრობა სხვა სივრცეებშიც ნორმად იქცევა.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს აღარ განმეორდეს?

ეკრანებმა და ციფრულმა გარემომ ადამიანურობა საბოლოოდ რომ არ გადაყლაპონ, აუცილებელია სტრატეგიული გეგმის განხორციელება – მედიაწიგნიერება და ციფრული ჰიგიენა: სკოლებსა და ოჯახებში უნდა დაიწყოს მუშაობა ბავშვების ციფრული დესენსიბილიზაციის წინააღმდეგ. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ რეალური ემპათია, ვირტუალური და რეალური სამყაროს გამიჯვნა და სამოქალაქო გამბედაობა (Civil Courage) – უნარი, რომ ადამიანის გადასარჩენად დაარღვიო ნებისმიერი ციფრული თუ ინსტიტუციური წესი.

მკაცრი უსაფრთხოების პროტოკოლები მედიაში: ყველა მედიასაშუალებამ უნდა დანერგოს „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზენაესობის პროტოკოლი“. თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ ფსიქოლოგიური ტრენინგები, რათა სტრესის დროს მათმა გონებამ ავტომატურად იცოდეს: ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეთერი.

ბავშვთა უფლებების დამცველის არსებობა

ნებისმიერ გადაღებაზე, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს პასუხისმგებელი ფსიქოლოგი ან მედიკოსი, რომელსაც ექნება ექსკლუზიური უფლება, მენეჯერების გვერდის ავლით მყისიერად შეაჩეროს პროცესი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ტელეეკრანიდან მიღებული ეს გაკვეთილი მძიმეა, თუმცა ის უნდა იქცეს გარდამტეხ წერტილად. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, როგორი საზოგადოება გვინდა ვიყოთ, ის, რომელიც მექანიკურად აგრძელებს სიმღერას, რადგან სისტემის უხილავი ხრახნები ვართ, თუ ის, რომელიც მუსიკას წყვეტს ერთმანეთის წამოსაყენებლად, რადგან ადამიანობა ნებისმიერ ციფრულ თუ ბიუროკრატიულ სისტემაზე მაღლა დგას.

ავტორი: ეკა ლომიძე