“2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა. რეფორმის მიზანი ბიუჯეტში მეტი ფულის შეტანა და სიგარეტის გაძვირებით მოწევის შემცირება იყო. თუმცა, პირველი შვიდი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ რეფორმამ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო.” – აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო გაჩნდა მთავარი პრობლემა, ხელოვნურად გაიაფებული სიგარეტი. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დიდი საგადასახადო შეღავათების დაწესებამ და გადასახადის (აქციზის) ნაწილის შემცირებამ ბაზარზე მკვეთრი დისბალანსი შექმნა.
“არასწორად დაგეგმილმა რეფორმამ ერთდროულად ორი დარტყმა მიაყენა ქვეყანას:
დაზიანდა სახელმწიფო ბიუჯეტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესი.
თითქოს თამბაქოდან ბიუჯეტში შესული თანხა ნომინალურად 9%-ით გაიზარდა წინა წლის 7 თვის მონაცემთან შედარებით (750.4 მილიონ ლარამდე), მაგრამ ინფლაციის (ფასების საერთო ზრდის) გათვალისწინებით, რეალური მთლიანი შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა.
ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული თანხა 8%-ით შემცირდა. ანუ, სახელმწიფო ყოველი გაყიდული კოლოფიდან გაცილებით ნაკლებ მოგებას იღებს, რითაც კონკრეტული ბიზნესები მდიდრდებიან, ბიუჯეტი კი კარგავს ფულს, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომ სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებით დაზიანდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.თამბაქოს კონტროლის მთავარი მიზანია სიგარეტი ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს.
მოსახლეობის საშუალო ხელფასი უფრო სწრაფად გაიზარდა (8.9%-ით), ვიდრე სიგარეტის ფასი. შედეგად, დღეს ადამიანს ერთი თვის ხელფასით უფრო მეტი კოლოფი სიგარეტის ყიდვა შეუძლია, ვიდრე ადრე. პროდუქტი ხელმისაწვდომი დარჩა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.
თუ ეს დინამიკა გაგრძელდება, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ შემოსავალს და ჯანსაღ მომავალს დაკარგავს. არათანმიმდევრული ფისკალური პოლიტიკის შედეგების გასაუვნებელყოფად და მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, აუცილებელია საგადასახადო კოდექსის გადახედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების, ასევე ევროასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომლის შესაბამისად, 2026 წლამდე ერთ კოლოფ სიგარეტზე გადასახადი მინიმუმ 5.4 ლარი უნდა ყოფილიყო.” – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
თამბაქოს კონტროლის რეფორმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ სცადოს 2026 წლის საგადასახადო კრიზისიდან გამოსასვლა და ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- სასწრაფოდ გააუქმოს ადგილობრივი მწარმოებლების საგადასახადო პრივილეგიები.
- აწიოს ფიქსირებული (სპეციფიკური) აქციზი იმ ნიშნულამდე, რომ 1 კოლოფის მინიმალური გადასახადი ავტომატურად აძვირებდეს ნებისმიერ სიგარეტს.
- კანონში ჩაწეროს ავტომატური ზრდის მექანიზმი, რომელიც ყოველწლიურად ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაზრდის გადასახადს, რათა ხელფასების მატებამ სიგარეტის ყიდვა არ გააადვილოს.
ბრიტანეთმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც პირდაპირ პასუხობს იმ პრობლემას, რაც საქართველოში 2026 წელს შეიქმნა (როცა ხელფასების ზრდამ სიგარეტის გაძვირებას გადაასწრო). კანონით დადგენილია, რომ ყოველწლიურად თამბაქოს გადასახადი ავტომატურად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელს + 2%. სიგარეტი ყოველ წელს უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე სხვა პროდუქტები ან ხალხის შემოსავლები. შედეგად, ხელფასის მატების მიუხედავად, სიგარეტი მოსახლეობისთვის ყოველწლიურად უფრო მეტად ხელმიუწვდომელი ხდება.
ევროკავშირის წესებით, სიგარეტის დაბეგვრა შედგება ორი ნაწილისგან (სპეციფიკური -ფიქსირებული გადასახადი კოლოფზე და ადვალური – პროცენტული გადასახადი ფასიდან). თუმცა, მთავარი დამცავი მექანიზმი არის მინიმალური აქციზური ბეგარა.
ევროკავშირი ადგენს, რომ სიგარეტის გადასახადი არ უნდა იყოს 1 კოლოფზე8 ევროზენ აკლები, მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს თავად სიგარეტი.
“ეს მეთოდი ბაზრიდან სრულად აქრობს “იაფი სიგარეტის” ფენომენს. მწარმოებელი ვერცერთი შეღავათით ვერ ჩამოწევს ფასს დაბლა, რაც იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.” – აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.



