ხშირად ამბობენ, რომ საქართველო დღემდე სასწაულებრივად მოვიდა. ისტორია კი მოწმობს, რომ სასწაულს ჩვენ მიერ ბრძოლაში შექმნილი და გამოწრთობილი მექანიზმი ქმნიდა, რომლის დავიწყებაც უკიდურესად წამგებიან მდგომარეობაში მოგვაქცევს.
როცა ქვეყანა კვლავ ოკუპაციისა და ჰიბრიდული ომის პირობებში ცხოვრობს, წარსულის ცოდნა თავდაცვის ინსტრუქციაა. ის გვჭირდება რათა მარტივად ამოვიცნოთ მტრის ტაქტიკა, არ მოვტყუვდეთ ახალი „მეგობრული“ დაპირებებით და ზუსტად ვიცოდეთ, რა არის სუვერენიტეტის თუნდაც მცირედ დათმობის ფასი. როდის ვკარგავდით, როდის ვიყავით ძლიერები და რა უნდა გვესწავლა ორივე შემთხვევაში? გადავხედოთ ისტორიას, რომელიც დიდი ხანია დაწერილია.
ოქროს წესი, რომელიც წარსულმა მომავლისთვის გვასწავლა
- გეოგრაფია არ იცვლება. იცვლება ნიღბები: რუსეთის მიერ 1801 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევა, 1921 წლის ანექსია და დღევანდელი ოკუპაცია ერთი და იმავე პოლიტიკის ნაწილია.
- შიდა დაპირისპირება = მტრის მოწვევა: საქართველო მარცხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა შინაგანი რღვევა იწყებოდა (XV საუკუნის დაშლა, 1921 წლის წინარე პერიოდი).
- ჩვენ გვაქვს ტერიტორიული ამნეზიის პრევენციის (ისტორიული უწყვეტობა) უნარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოგვიმუშავდა: მტერს ყოველთვის სურდა, საქართველოს ცალკეული რეგიონების ჩამოჭრა საბოლოო რეალობად ექცია (მაგალითად, ოსმალეთის მიერ მესხეთის ანექსია ან არაბთა მიერ თბილისის საამიროს გამოყოფა). მართლაც, როგორც კი საზოგადოება ეგუებოდა რეგიონის დაკარგვას, მისი დაბრუნების შანსი უკიდურესად მცირდებოდა. თუ დღეს ვამბობთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიული კუთვნილების ცოდნა აუცილებელია, არა ემოციური ლოზუნგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ოკუპაცია არ იქცეს „ახალ ნორმად“ შევინარჩუნოთ იურიდიული და პოლიტიკური სამართალმემკვიდრეობა.
- თავისუფლება მონაპოვარია და არა მოცემულობა: როდესაც აცნობიერებ, რა მსხვერპლი გაიღო ერმა (ტყვის სყიდვა, ფერეიდანში გადასახლება, რეპრესიები), დამოუკიდებლობას გაფრთხილება სჭირდება. ისტორია გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობა იშვიათად იკარგება ერთ დღეში, ერთი სამხედრო მარცხით. ის იშლება ეტაპობრივად – მცირე დათმობებით, სუვერენიტეტის ნაწილ-ნაწილ გადაცემითა და ეკონომიკურ-პოლიტიკური დამოკიდებულების გაღრმავებით (როგორც ეს მოხდა XVII-XVIII საუკუნეებში ირან-ოსმალეთთან და 1783 წელს რუსეთთან). წარსულის ცოდნა თანამედროვეობაში გვეხმარება, დროულად დავინახოთ სუვერენიტეტის ნელი ლპობა, რათა ტაქტიკურმა დათმობებმა კვლავ სტრატეგიულ კატასტროფამდე არ მიგვიყვანოს.
მტრების ქრონიკა: ვის გავუძელით და როგორ?
არაბობა (VII–X სს.) – 300-წლიანი წნეხი: მძიმე გადასახადებისა (ჯიზია, ხარაჯა) და მურვან ყრუს აოხრების მიუხედავად, ენამ და ეკლესიამ ერი გადაარჩინა. მტრის განდევნა დასრულდა 1122 წელს თბილისის გათავისუფლებით.
თურქ-სელჩუკობა (XI ს.) – „დიდი თურქობა“: ქვეყანა ფიზიკური განადგურების პირას მივიდა, თუმცა დავით აღმაშენებელმა რეფორმებითა და დიდგორის ბრძოლით (1121 წ.) შეუძლებელი შეძლო.
მონღოლთა უღელი (XIII–XIV სს.) – 100-წლიანი გაყოფა: ქვეყანა ორად დაიყო და ბეგარით გამოიფიტა, სანამ გიორგი V ბრწყინვალემ შინააშლილობით არ ისარგებლა და საქართველო ხელახლა არ გააერთიანა.
თემურლენგი (XIV–XV სს.) – 8-გზის ცეცხლი და მახვილი: უმძიმესი დემოგრაფიული დარტყმა. ქვეყანა ნანგრევებად იქცა, თუმცა მტერმა საქართველო საბოლოოდ ვერ გატეხა.
ორმაგი მარწუხები: ირანი და ოსმალეთი (XVI–XVIII სს.): მესხეთის დაკარგვა, ფერეიდანში გადასახლება და „ტყვის სყიდვა“. ერეკლე II-მ შეძლო ქართლ-კახეთის გაერთიანება, თუმცა გადარჩენის გზა რუსეთთან კავშირში დაინახა.
რუსული ანექსია და საბჭოთა ოკუპაცია (XIX–XX სს.) – 186-წლიანი ტოტალიტარიზმი: სამეფო ტახტის გაუქმება, ავტოკეფალიის გაუქმება, ეკლესიების შეთეთრება, ინტელიგენციის განადგურება და ტერიტორიების ჩამოჭრა. თავი დავიხსენით 1918 წლის 26 მაისს და საბოლოოდ – 1991 წლის 9 აპრილს.
საქართველოს ძლიერების ეპოქები: მთავარი გაკვეთილები წარსულიდან
საქართველოს ოქროს ხანა და დამოუკიდებლობის პერიოდები შემთხვევითი მოვლენები არ ყოფილა. მუდმივად ეფუძნებოდა კონკრეტულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, რეფორმებსა და შიდა კონსოლიდაციას.
ქართლის გაერთიანება და სახელმწიფოებრივი ფუნდამენტი (ძვ. წ. IV–III სს. / ახ. წ. V ს.)უკავშირდება ფარნავაზ I-სა, ვახტანგ გორგასალს. შედეგად მივიღეთ ენობრივ-კულტურული გაერთიანება-თანხმობა, ეროვნული დამწერლობის დამკვიდრება და ცენტრალიზებული ხელისუფლების პირველი მყარი მოდელი. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ (IV ს.) და ეკლესიის ავტოკეფალიამ (V ს.) ქვეყანას იდენტობის ურყევი ფარი მისცა.
ეს გაკვეთილი გვიჩვენებს, რომ კულტურული და ენობრივი თვითმყოფადობა უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე დროებითი პოლიტიკური სტრუქტურები ან სახელმწიფო საზღვრები (რომლებიც ომებისა და ოკუპაციების დროს ხშირად ინგრეოდა)
„ოქროს ხანა“ — კავკასიური იმპერია (XI–XIII სს.) – შემქმნელები: ბაგრატ III, დავით IV აღმაშენებელი, თამარ მეფე. მივიღეთ რეგიონული ჰეგემონია, ეკონომიკური აღმავლობა, კულტურული რენესანსი და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები. საქართველო გახდა რეგიონის მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი.
მოგვცა გაკვეთილი, რომ სახელმწიფო ძლიერება იქმნება შიდა რეფორმებით და არა მხოლოდ ბრძოლით. დავით აღმაშენებელმა გამარჯვებას მიაღწია არა იღბლით, არამედ: ინსტიტუციური რეფორმით (ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა – საერო და სასულიერო ხელისუფლების სინთეზი); სამხედრო რეფორმით (მუდმივი არმია — მონასპა და ყივჩაღთა ჩამოსახლება); კორუფციასა და ფეოდალურ სეპარატიზმთან უპორომისო ბრძოლით.
სახელმწიფოებრიობის აღდგენა და „მცირე რენესანსი“ (XIV ს.) შექმნა გიორგი V ბრწყინვალემ. მონღოლთა 100-წლიანი უღლისგან გავთავისუფლდით, დაშლილი ქვეყანა ხელახლა გაერთიანდა, ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების აღდგენა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან.
ძლიერების გაკვეთილი: დიპლომატია და მოთმინება. გიორგი V-მ გამოიყენა მტრის შინააშლილობა და სამხედრო ძალის გამოყენებამდე ქვეყანა შიგნიდან მოამზადა. ძლიერება ნიშნავს გეოპოლიტიკური მომენტის ზუსტ გათვლას.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921 წწ.) უკავშირდება ნოე ჟორდანიას, ექვთიმე თაყაიშვილს, დამფუძნებელთა კრებას. შედეგად მივიღეთ თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოებრიობის საძირკველი, პროგრესული კონსტიტუციური წეს-წყობილება, საერთაშორისო აღიარება.
ამ გამოცდილებამ მოგვცა ინსტიტუციური მეხსიერება. 1918–1921 წლების სამწლიანმა გამოცდილებამ შექმნა ის სამართლებრივი და იდეოლოგიური საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც 1991 წელს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა.
დამოუკიდებლობის აღდგენა და თანამედროვე სახელმწიფო (1991-დღემდე)
უკავშირდება ზვიად გამსახურდიას, ეროვნულ მოძრაობას, სამოქალაქო საზოგადოებას. შედეგად მივიღეთ: საბჭოთა იმპერიისგან საბოლოო თავდახსნა, სუვერენიტეტის დაბრუნება, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის არჩევა.
გაკვეთილად დაგვრჩა: პრინციპულობა და საერთაშორისო ლეგიტიმაცია. დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი, იგი მოითხოვს დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციასა და მუდმივ პოლიტიკურ სიფხიზლეს.
რას გვეუბნება ძლიერების გაკვეთილები დღეს?
საქართველო ძლიერი იყო მხოლოდ მაშინ, როცა ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებდა რეფორმებს და ახშობდა შიდა სეპარატიზმსა თუ დაპირისპირებას. სამხედრო ძალა დიპლომატიის გარეშე არ არსებობს: დავით აღმაშენებელიც და გიორგი ბრწყინვალეც უბადლო დიპლომატები იყვნენ, მათ იცოდნენ, როდის უნდა ებრძოლათ და როდის დალოდებოდნენ მტრის დასუსტებას.
პროგრესი = გადარჩენა: საქართველოს ოქროს ხანა ემთხვეოდა არა იზოლაციას, არამედ მსოფლიო ცივილიზაციასთან (მაშინდელ ბიზანტიასთან, ევროპასთან) მჭიდრო კავშირსა და ინტელექტუალურ აღმავლობას.
თვითმყოფადობის მოდელი: პოლიტიკური საზღვრებიდან კულტურულ თვითშეგნებამდე:
სპეციალისტების აზრით, საქართველოს ისტორიის მთავარი პარადოქსია, რომ ეროვნული ერთობა უსწრებდა სახელმწიფოებრივს. IX საუკუნეში, როდესაც ქვეყანა დაშლილი იყო, საზოგადოებამ შექმნა უნიკალური ფორმულა: ეროვნული ტერიტორია განისაზღვრებოდა არა პოლიტიკური საზღვრებით, არამედ საერთო კულტურულ-ენობრივი და ინსტიტუციური სივრცით. სწორედ ამ მოდელმა გადაარჩინა ერი XIX საუკუნის რუსული ანექსიის დროსაც, როცა გუბერნიებად დაყოფილმა საზოგადოებამ ინტელექტუალური და სამოქალაქო მოძრაობით შეძლო ეროვნული კონსოლიდაც
უდიდესი გამოცდილება გვაიძულებს გავიაზროთ, რომ ისტორიის ცოდნა არ არის წარსულის რელიკვიებით ტკბობა. ეს არის უსაფრთხოების ალგორითმი, რომელიც მუდმივად უნდა მოქმედებდეს, ვითარდებოდეს და მხოლოდ სადღეგრძელოს მასალად არ გამოიყენებოდეს.


