/რეკლამის “დეჟავიუ”

რეკლამის “დეჟავიუ”

თამბაქოს ინდუსტრია ისევ ყიდის სიკვდილს. ამჯერად ლამაზი შეფუთვით.

თამბაქოსგან ახალი კატასტროფის ზღვარზე

„ექიმები ამ სიგარეტს (ბრენდს არ ვასახელეებთ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე) ანიჭებენ უპირატესობას“; „ეს სიგარეტი ყელს არ აზიანებს“. –  მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში ასე ეწეოდნენ მოწევის პოპულარიზაციას მედიკოსები და მოწევაც, არამხოლოდ მოდურად, სასარგებლოდ მიიჩნეოდა.  ამერიკული და ევროპული მედია სავსე იყო  ექიმებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოებით, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ და  „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ“ ასაღებდნენ.

ინდუსტრიამ, როგორც დღეს, მაშინაც ზუსტად იცოდა, რომ ნიკოტინი კლავდა,  მაგრამ ფულით „ყველაფრი მოაგვარა“. თამბაქოს მავნებლობის შესახებ მეცნიერები ორ ბანაკად გახლიჩა და ავტორიტეტები პროპაგანდისტებად მოისყიდა. შედეგად სრული 50 წელი მოიგო. სწორედ ამდენი დრო და მილიონობით ონკოლოგიური პაციენტის გვამი დაჭირდა კაცობრიობას, რომ დაეჯერებინა ჭეშმარიტება – თამბაქოს ნაწარმი კლავს!

დღეს, 2026 წელს, ზუსტად იმავე ისტორიულ წრეზე მივდივართ. სიგარეტის კლასიკური კვამლი ჩაანაცვლა არომატულმა ორთქლმა და „გასახურებელმა“ მოწყობილობებმა, ხოლო თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგული ნარატივი უცვლელი დარჩა. კვლავაც ცდილობენ კაცობრიობა დააჯერონ სიცრუეში, რომ თითქოს თამბაქოს ახალი პროდუქტები ნაკლები ზიანის მომტანია.

arka.ge ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და სტენფორდის მედიცინის სკოლის უახლეს ანგარიშებზე დაყრდნობით აშიშვლებს ინდუსტრიის უდიდეს სიცრუეს.

ნაკლები ზიანისდიდი ილუზია

თამბაქოს გიგანტები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ საკუთარი, ფსევდო-მეცნიერული კვლევების დასაფინანსებლად და სამედიცინო კურსების სპონსორობისთვის, რათა ექიმებს ათქმევინონ, რომ ელექტრონული სიგარეტი, ვეიპი და გასახურებელი თამბაქო (HTPs) უსაფრთხო ალტერნატივაა.

თუმცა, 2025-2026 წლებში გამოქვეყნებული დამოუკიდებელი კვლევებით საპირისპირო მტკიცდება:

  • მძიმე მეტალების კატასტროფა: კალიფორნიის უნივერსტეტის უახლესი პუბლიკაციის თანახმად, პოპულარული ვეიპების მოხმარებისას, აეროზოლის გაცხელების შედეგად ორგანიზმში იმაზე მეტი ტყვია და მძიმე მეტალები ხვდება, ვიდრე დღეში 20 კოლოფი ტრადიციული სიგარეტის მოწევისას. ორთქლი პირდაპირ ფილტვებიდან შეიწოვება სისხლში და გვერდს უვლის ორგანიზმის ბუნებრივ ბარიერებს.
  • გასახურებელი თამბაქო (HTPs): ჟურნალ Inhalation Toxicology-ში გამოქვეყნებულმა 74 დამოუკიდებელი კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ გასახურებელი ღერების ორთქლში მთელი რიგი ტოქსიკური ნივთიერებების და კანცეროგენების კონცენტრაცია იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტში. პაციენტებში, რომლებიც გადავიდნენ ამ სისტემებზე, ფილტვების ანთებითი პროცესები და გულ-სისხლძარღვთა დაზიანება საერთოდ არ შემცირებულა.
  • ნიკოტინის ბალიშები (Pouches): ევროპის კარდიოლოგიურ ჟურნალში (European Heart Journal) გამოქვეყნებული კონსენსუსის მიხედვით, ნიკოტინი ნებისმიერი ფორმით — იქნება ეს ბალიში, ვეიპი თუ ჩხირი — არის პირდაპირი ტოქსინი გულისა და სისხლძარღვებისთვის, რომელიც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას და უჯრედულ მუტაციებს.

მარკეტინგული ხაფანგის სამიზნე: ბავშვები

თუ გასულ საუკუნეში კოვბოები და მსახიობები ეწეოდნენ, დღეს ინდუსტრია იყენებს სოციალური ქსელების ინფლუენსერებს, ციფრულ რეკლამას და ხილის, ბაბლ-გამის თუ ლაიმის არომატებს. ეს კეთდება მიზანმიმართულად, რათა ნიკოტინზე დამოკიდებული გახდეს ახალი თაობა, რომელსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევია. კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდები, რომლებიც ვეიპინგით იწყებენ, 3-ჯერ უფრო ხშირად გადადიან შემდგომში კლასიკურ სიგარეტზე.

შავი პროგნოზი: რა გველოდება 5, 10 და 15 წლის შემდეგ?

თუ დღესვე არ მოხდება აგრესიული მარკეტინგის აკრძალვა, არომატიზატორების ბლოკირება და ამ პროდუქტების მკაცრი დაბეგვრა, მომავალი ათწლეულები მოგვიტანს:

  1. 5 წელიწადში: ფილტვის მწვავე დაზიანებების (EVALI) და კოგნიტური აშლილობების მქონე ახალგაზრდების მასობრივ ტალღას, რადგან ნიკოტინი 25 წლამდე ტვინის განვითარებას აფერხებს.
  2. 10 წელიწადში: ინსულტებისა და ინფარქტების ასაკის მკვეთრ გაახალგაზრდავებას. 30 წლის ასაკში გულის დაავადებების მქონე ადამიანი გახდება ნორმა.
  3. 15 წელიწადში: ონკოლოგიური დაავადებების სრულიად ახალ კატასტროფულ სტატისტიკას, როდესაც დღევანდელი თინეიჯერები მიაღწევენ სიმსივნეების განვითარების კრიტიკულ ასაკს.

ისტორია მეორდება. თამბაქოს ინდუსტრია ისევ ყიდის სიკვდილს, ოღონდ ამჯერად უფრო მიმზიდველ, ტექნოლოგიურ შეფუთვაში. არჩევანი ჩვენზეა — კიდევ ერთხელ დავიჯერებთ ნაცნობ ტყუილს თუ დავიცავთ მომავალს?