CNN-ის ნიუსრუმის, ჯორჯ სოროსის, ობამებისა და კლინტონების შემდეგ, საეჭვო ამანათი ამერიკელ მსახიობ რობერტ დე ნიროსაც გაუგზავნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამანათი ნიუ-იორკში მდებარე რესტორან Tribeca Grill-ში დილით მიიტანეს. დაწესებულება ორი ოსკარის მფლობელ მსახიობს ეკუთვნის.
თუ ის შემოწმების შემდეგ წინა საეჭვო ამანათებს დაემთხვევა, ეს მერვე შემთხვევა იქნება, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ადამიანს გაუგზავნეს, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.
რობერტ დე ნირომ ივნისში გამართულ ტონის დაჯილდოებაზე ტრამპი გააკრიტიკა. “მას დაბალი IQ აქვს”, – ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი მსახიობის შეფასებას. მოგვიანებით, დე ნირომ ტრამპს “ეროვნული ტრაგედია” უწოდა.




